ქუთაისში სამხედრო პატივით კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ მალხაზ კვიჟინაძეს
მალხაზ კვიჟინაძის პანაშვიდი წმინდა დიდმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარში იმართება.
მალხაზ კვიჟინაძე გამოცდილი სამხედრო იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ის მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).
ომის პირველივე დღეებიდან, კვიჟინაძე იბრძოდა უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 118-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, მალხაზ კვიჟინაძე წარმოშობით ქუთაისიდან არის - ოთხი შვილის მამა.
უკრაინაში დაღუპული ორი სამხედრო - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი 1 ივლისს, გამთენიისას ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
