უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამიას საქმეზე
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კახაბერ დამენიასა და ნიკა გვარამიას ადვოკატების საჩივრები არ აკმაყიფილებდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს და ამის გამო არ მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი განსახილველად.
ცნობილია ამ საქმეზე ნიკა გვარამიას პოზიცია - ის აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
