უნდა ვიმუშაოთ მეტი, რათა ქართველმა ხალხმა არ გამოტოვოს ისტორიული შესაძლებლობა - მეცოლა
„ამისთვის უნდა ვიხილოთ ხელშესახები ნაბიჯები რამდენიმე რეკომენდაციაზე, როგორებიცაა: დემოკრატიის დაცვა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების დაცვა, დაპატიმრებულთა ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების დაცვა. აქვე გავიმეორებ, რომ ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზე“, - განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგენისას 31 მაისს.
მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ერთგულებისათვის და თქვა, რომ მისი იმედი აქვს პოლარიზაციის შემსუბუქებაში.
„ქალბატონო პრეზიდენტო, გიწონებთ სიძლიერეს, რომლითაც მიუძღვებით წინ თქვენს ქვეყანას. გვაქვს თქვენი იმედი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შემსუბუქებაში საქართველოში“, - განაცხადა მეცოლამ.
მისივე თქმით, ბრიუსელი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი და „საქართველოზეა დამოკიდებული ამ გზის გავლა და საკუთარი მომავლის არჩევა“.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.
