რუსეთმა დრონებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე თავდასხმა ბოლო თვეების განმავლობაში, განაცხადეს უკრაინის სამხედრო საჰაერო-ძალებმა 28 მაისს.
კვირა ღამეს კიევი, რომელიც 28 მაისს ქალაქის დღეს აღნიშნავს, რუსული დრონების მასობრივი თავდასხმის სამიზნე გახდა. საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-მდე უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოგდება მოახერხეს. დაიღუპა ერთი ადამიანი.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ეს დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა იყო დედაქალაქზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
გამოყენებული იყო „თვითმკვლელი დრონები“. უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა შენობები, გაჩნდა ხანძარი. რიგ შემთხვევებში, ხელისუფლების მონაცემებით, საქმე ეხებოდა დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნას.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, მთლიანობაში, კვირა ღამით, რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე "შაჰედის" ტიპის 54 დრონი გაუშვა. უკრაინის მხარის მტკიცებით, მათგან 52 ჩამოაგდეს.
კვირა ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის 12 რეგიონში, ვოლინიდან დნეპრამდე. გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ჟიტომირის, სუმსკის და ჩერკასკის ოლქებში. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ზუსტდება. ორი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში, ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად.
28 მაისს, გვიან საღამოს, ზელენსკიმ გამოთქვა ვარაუდი რუსეთის ხელმძღვანელობის დაცემის შესახებ ომში მისი დამარცხების შემდეგ. "კიევი და ყველა ჩვენი ქალაქი, მთელი ჩვენი უკრაინა ბოლოს მოუღებს მოსკოვის დესპოტიზმის ისტორიას, რომელმაც ბევრი სხვადასხვა ხალხი დაიმონა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში", თქვა მან თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ის არ იყო ოთახში, როგორც ჩვეულებრივ იმყოფება ხოლმე, არამედ საღამოს შუქზე, ქუჩაში, პრეზიდენტის ოფისის წინ, კიევში.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით, თითქმის მთლიანად მოიგერია რუსული უპილოტო საფრენი მოწყობილობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ, განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მოსკოვი კიევის დაბადების დღის ჩაშლას ცდილობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო საფრენი მოწყობილობების თავდასხმის შესახებ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის უპილოტო საფრენი მოწყობილობები, რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, ცდილობდნენ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას კრასნოდარის მხარეში.
ყველა მათგანი, ხელისუფლების ცნობით, ჩამოგდებული იქნა, არავინ დაშავებულა.
უკრაინელ სამხედროებს ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
