თავისუფლება ნიკა გვარამიას – პრეზიდენტის სასახლესთან აქცია იმართება
მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, ჩუბინაშვილის ქუჩიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მსვლელობით მიდიან. მათ ხელში პლაკატები უჭირავთ ნიკა გვარამიას გამოსახულებით და ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები აქვთ ჩართული.
მსვლელობის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მანამ 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს მიმართავს, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.
„პრეზიდენტს ძალიან გვინდა ვთხოვოთ, რომ შეიწყალოს ნიკა. მართალია, ჩვენ მისგან ამას დიდი ხანია ველოდებით და ცოტა არ იყოს, იმედგაცრუების ზღვარზე ვართ, მაგრამ მარტო ნიკას თავისუფლებაში აღარ არის უკვე საქმე. საქმე უკავშირდება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილიც ძალიან მჭირდროდ არის დაკავშირებული. ამიტომ, აუცილებელია, რომ ნიკას გათავისუფლებით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროპისკენ“, – განუცხადა tv პირველს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა.
მას შემდეგ, რაც მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივლენ, ათონელის ქუჩაზე აქციაა დაგეგმილი.
