პოდოლიაკი: უკრაინა ბელგოროდის მოვლენებს თვალს ადევნებს, პირდაპირი კავშირი არ აქვს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა აკვირდება ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა, მასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
“ერთადერთი მოტივირებული პოლიტიკური ძალა მოშვებულ ჭანჭიკებზე მდგარ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ყოველთვის იქცევა შეიარაღებულ პარტიზანულ მოძრაობად.
უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა მასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული”. – წერს პოდოლიაკი.
გარდა ამისა, პოდოლიაკი წერს, რომ “ტანკები იყიდება რუსეთის ნებისმიერ სამხედრო ბაზარზე, მიწისქვეშა პარტიზანული დანაყოფები კი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება”.
პოდოლიაკი ამ სიტყვებით დასცინის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 2014 წლის მარტში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ყირიმის ანექსიას ეხებოდა. მაშინ პუტინი ე.წ. მწვანე კაცუნებზე, ანუ უემბლემო რუს სამხედროებზე, რომლებმაც ყირიმზე კონტროლი დაამყარეს, ამბობდა, რომ ისინი “ადგილობრივი თავდაცვის ძალები” იყვნენ. ხოლო როცა ჰკითხეს, რატომ ეცვათ მათ რუსული ფორმის მსგავსი სამოსი, პუტინმა უპასუხა, რომ მიემართათ ნებისმიერი სამხედრო მაღაზიისთვის, რომელშიც მსგავს ფორმებს ჰყიდდნენ.
“პოსტსაბჭოთა სივრცე სავსეა ფორმებით, რომლებიც მსგავსია. წადით მაღაზიაში, ჩვენთან, ნებისმიერ ფორმას იყიდით. ეს ადგილობრივი თავდაცვის ძალები იყო”. – თქვა პუტინმა.
