ბაიდენი: აშშ უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვისთვის
ამის შესახებ Associated Press-სა და CNN-ის წყაროებმა განაცხადეს. სავარაუდოდ, მფრინავების მომზადება ევროპაში მოხდება და ის შესაძლოა უახლოეს კვირებში დაიწყოს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
The Guardian-ის ცნობით, ბაიდენი დაამტკიცებს მფრინავების მომზადებას როგორც F-16-ის, ასევე მეოთხე თაობის სხვა მოიერიშე თვითმფრინავების მართვისთვის. ამ რიგში ასევე შედის ბრიტანული Eurofighter Typhoon და ფრანგული Mirage 2000.
CNN-ი ადრე წერდა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ იქნებოდა მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების წინააღმდეგი.
კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე უარის თქმის გამო, "თეთრი სახლი" ზეწოლას განიცდიდა არა მხოლოდ ევროპელი მოკავშირეების, არამედ აშშ-ს კონგრესის წევრების მხრიდან.
როდის, საიდან და რამდენი თვითმფრინავი გადაეცემა კიევს, ბაიდენი აპირებს გამოაცხადოს სპეციალისტების მომზადების დაწყების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოითხოვა მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება პარტნიორი ქვეყნებისგან უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად. 19 მაისს მან ტვიტერზე დაწერა: „მივესალმები აშშ-სა და POTUS-ის (ასე ჰქვია ბაიდენის ანგარიში ტვიტერზე) ისტორიულ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ ავიაგამანადგურებელთა საერთაშორისო კოალიციას ჰიროსიმაში G7-ის სამიტზე. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი ჯარის ძლიერებას საჰაერო სივრცეში. მე განვიხილავ ამ ზომის პრაქტიკულ განხორციელებას ჰიროსიმაში G7-ის სამიტზე.”
ზელენსკი აპირებს პირადად დაესწროს სამიტს 20 მაისს, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა.
ამ კვირაში გამოცხადდა „საერთაშორისო კოალიციის“ შესახებ, რომლის მიზანია უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების უზრუნველყოფა. მასში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და, ალბათ, კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა. ნიდერლანდმა, დანიამ და ბელგიამ უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან უწილადონ თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას.
