რუსეთში წინასწარი პატიმრობა მიესაჯა ომის მომხრე მწერლის, პრილეპინის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულს
გამოძიების ვერსიით, 6 მაისს ნიჟეგოროდის ოლქში პერმიაკოვმა ააფეთქა ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ პრილეპინი და მისი მძღოლი ალექსანდრ შუბინი. აფეთქების შედეგად პრილეპინმა მიიღო რამდენიმე ჭრილობა, მძღოლი კი, რომელსაც მწერალი თავის მოკავშირეს უწოდებს, დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებდა, რომ პერმიაკოვმა - რომელიც უკრაინის დონეცკის რეგიონიდანაა - აღიარებითი ჩვენება მისცა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ის ამბობს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და რუსეთში 2022 წელს ჩავიდა, პრილეპინის მოკვლის მიზნით. იუწყებოდნენ, რომ ეჭვმიტანილმა ახლახან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
რუსეთის გამოძიება მომხდარში ადანაშაულებს უკრაინის სპეცსამსახურებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პრილეპინის მანქანის აფეთქებას უწოდებს ესკალაციის გამოწვევის მცდელობას იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნოს კონტროლი მოსახლეობაზე და ელიტებზე.
