სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ღარიბაშვილს ესაუბრა "აგენტების" კანონპროექტსა და პროტესტზე
შოლე ტვიტერზე წერს, რომ ღარიბაშვილს ესაუბრა საპროტესტო აქციებზე და „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და აქციების მონაწილეთა მშვიდობიანი პროტესტი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ან მის პრესსამსახურს დერეკ შოლესთან საუბრის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
თბილისში საპროტესტო გამოსვლებია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გამო. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ.
7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა და ათეულობით დემონსტრანტი დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ აქციების მონაწილეები გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ძალადობას მიმართეს.
