ხაზარაძე NATO-ში გაწევრების საკითხზე: ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ
„NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების აპლიკაციაზე, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით, ქვეყანამ უმნიშვნელოვანესი განაცხადი გააკეთა და ამან საქართველოს უნიკალური შანსი მისცა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ მოაზრებული და საქართველომ ანალოგიურად უნდა გააკეთოს განაცხადი. ეს არის ისტორიული შანსი, რომლის ხელიდან გაშვება იქნება დიდი დანაშაული მომავალი თაობების, ქვეყნის უსაფრთხოების და იმ პერსპექტივების მიმართ, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იძლევა", - აცხადებს ხაზარაძე.
30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ- მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სპეფანჩუკთან ერთად მოაწერა ხელი NATO-ში წარსადგენ დოკუმენტს.
2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წვერები გახდებოდნენ, მაგრამ ქვეყნებს არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.
2021 წელს მოსკოვმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების უარყოფა მოითხოვა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას განჭვრეტად მომავალში.
რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტო Reuters-ს მიმდინარე წლის სექტემბერში აცნობა, რომ პუტინმა ომის დასაწყისში უკრაინასთან შეთანხმების შესაძლებლობა უარყო, რომელიც ითვალისწინებდა კიევის უარს NATO-ში გაწევრიანებაზე.
