სეპარატისტთა თქმით, დონეცკში ჩავიდნენ მობილიზებული რუსეთის მოქალაქეების პირველი ჯგუფები
სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ამ ცნობაზე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასი იტყობინება. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეები შეუდგნენ „ინტენსიური საბრძოლო მომზადების კურსს“. მანამდე უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინებოდა, რომ ბლოკირებულ ქალაქ ლიმანის მახლობლად იბრძვიან ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული მოქალაქეები. სამხედრო კონფლიქტის მხარეები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას და არაზუსტ ცნობებს სამხედრო მოქმედებების შესახებ.
ხუთშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვისას მოითხოვა მობილიზებულთა დამატებითი სამხედრო მომზადება. დონეცკის ოლქში ჩასული სამხედროების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება. არ არის ცნობილი, ჰქონდათ თუ არა მათ სამხედრო გამოცდილება. მანამდე არაერთხელ იტყობინებოდნენ, რომ სამხედრო კომისარიატები ბრძოლაში გამოცდილ ადამიანებთან ერთად აგროვებენ ისეთებსაც, რომლებსაც არასოდეს უმსახურიათ ჯარში.
დონეცკის ოლქში უკრაინის არმია წარმატებულ კონტრიერიშს აწარმოებს პოზიციებზე, რომლებიც რუსეთის ჯარებმა და სეპარატისტებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიკავეს. რუსული წყაროები იტყობინებიან თავდაცვისთვის ცოცხალი ძალის ნაკლებობაზე და შევსების აუცილებლობაზე.
ხუთშაბათს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა რუსეთის მიერ მობილიზებულ სამხედროთა გადასროლის შესახებ ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონის ოლქში, სადაც ასევე მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. რუსული წყაროები ამ ცნობებს არ ადასტურებენ.
