ზელენსკი: ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში
„დაღესტნელები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში - ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ აღმოჩნდა. ორასამდე ხალხის წარმომადგენლები. თქვენ იცით ყველამ, ვინ გიშვებთ უკრაინაში. ვინც გიშვებთ, სურს, რომ თქვენ გაქციოთ „ტვირთ #200"-ად [პირობითი კოდირებული დასახელება, რომელიც გამოიყენება დაღუპულთა ცხედრების გადატანისას]. და რა გსურთ თქვენ? მე დარწმუნებული ვარ, რომ გინდათ სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილისგან დაიღალეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით: ბრძოლა ახლა არის საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს დაფაროს თავისი რეგულარული არმიის მარცხი და საკუთარი დანაშაულებრივი ბრძანებები. იბრძოლეთ, რათა არ დაიღუპოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს ქუჩებსა და მოედნებზე საკუთარი თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა, „იმისთვის, რომ შემდეგ საჭირო არ გახდეს ბრძოლის გამართვა მთებსა და ტყეებში, უბრალოდ საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს".
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრილი მისი ძალების დასახმარებლად 21 სექტემბერს გამოაცხადა მობილიზაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა. ბრძანებაში მობილიზაცია განსაზღვრულია როგორც ნაწილობრივი, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული გაწვევის საკითხზე. ვრცელდება ბევრი ცნობა, რომ უწყებებს უგზავნიან მათ შორის სამხედრო გამოცდილების არქონე პირებს და განსაზღვრულ ასაკზე უფროს პირებს.
25 და 26 სექტემბერს მაჰაჩყალაში საპროტესტო აქციები გაიმართა მობილიზაციის წინააღმდეგ. გამოცემა Кавказ.Реалии იუწყებოდა, რომ 25 სექტემბერს დააკავეს 120-მდე მოქალაქე, მათგან რვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები. მომდევნო დღეს პოლიციის განყოფილებებში მიყვანილ იქნა 110-მდე პირი, მათ შორის სულ მცირე 28 არასრულწლოვანი. 20-დე პირის დაკავების შესახებ ცნობები გავრცელდა ხასავიურტიდანაც, სადაც მობილიზაციის წინააღმდეგ ასევე გაიმართა სტიქიური მიტინგი.
