მოსკოვის გარეუბანში ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა აფეთქდა
ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს ცნობას ტელეგრამის არხებზე Baza-სა და Mash-ზე დაყრდნობით. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მოძრაობის დროს აფეთქდა. საჭესთან მჯდომი ქალი დაიღუპა.
სავარაუდოდ, საქმე ეხება დარია დუგინას. მისი გარდაცვალების ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის. Baza წერს, რომ მომხდარის მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
დარია დუგინა ჟურნალისტიკით, ფილოსოფიითა და პოლიტოლოგიით იყო დაკავებული. 2022 წლიდან ის დიდი ბრიტანეთის მიერ შეყვანილი იქნა იმ პირების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, იტყობინება Baza.
ალექსანდრე დუგინი "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი იდეოლოგია, მან მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების უკრაინაში შესვლას და მისი თითქმის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას. ითვლება, რომ დუგინის იდეები გავლენას ახდენს კრემლის პოლიტიკაზე.
