რუსეთის სენატორ ნარუსოვას თქმით, ახალწვეულთა ასეულის 96 წევრი დაიღუპა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ტუვიდან, ლიუდმილა ნარუსოვამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხილვისას, რაც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 15 წლამდე კოლონიაში პატიმრობას ითვალისწინებს, განაცხადა, რომ 3 მარტს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებიდან გამოიყვანეს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ ან რომლებისთვისაც სხვები აწერდნენ ხელს კონტრაქტს ჯარში მსახურების შესახებ. სხდომის ჩანაწერი YouTube-ზეა გამოქვყნებული.
„საერთო ჯამში ასკაციანი ასეულიდან ცოცხალი გადარჩა ოთხი,“ განაცხადა სენატორმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან მოითხოვა, დაადასტურონ ან უარყონ ეს ინფორმაცია, მაგრამ მას ამაზე უარი უთხრეს.
„იმისგან დამოუკიდებლად, სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლია, რუსეთის სამართალი ისეა მოწყობილი, რომ ყველა მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს გამოძიებამ. ამას გამოძიება დაამტკიცებს,“ უპასუხეს ნარუსოვას.
იმის შესახებ, რომ უკრაინის საზღვარზე გადაისროლეს ახალწვეული ჯარისკაცები, რომლებსაც ძალით აწერინებდნენ კონტრაქტზე ხელს ან რომლების მაგივრადაც ხელმძღვანელობა აწერდა ხელს, პირველად „აგენტსტვომ“ განაცხადა 24 თებერვალს ჯარისკაცების დედების კომიტეტზე დაყრდნობით.
ჯარისკაცების დედების კომიტეტის ინფორმაციით, ახალწვეული ჯარიკაცების დიდი ნაწილი ჯარში გაიწვიეს 2021 წლის დეკემბერში და მათ ვერავითარი სამხედრო მომზადების გავლა ვერ მოასწრეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ახალწვეულ ჯარისკაცებს ცხელ წერტილებში აგზავნიან. კანონით, ახალწვეულების საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნა შეიძლება მინიმუმ ოთხთვიანი წვრთნის შემდეგ.