ჯო ბაიდენი: „ყოველთვის ჯობია პირისპირ შეხვედრა“
მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა 90 წუთი გასტანა. ბაიდენისა და პუტინის გარდა მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე თარჯიმნები.
შეხვედრის წინ ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს „ორი დიდი ზესახელმწიფოს“ გადაწყვეტილებაა და თქვა, რომ „ყოველთვის ჯობია პირისპირ შეხვედრა“. თავის მხრივ, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იქნება.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ბაიდენი და პუტინი გამართავენ კიდევ ორ რაუნდს, რომლებშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას სხვა თანაშემწეებიც და თარჯიმნები. მთლიანობაში მოლაპარაკებები სავარაუდოდ ხუთ საათამდე გაგრძელდება.
ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა.
სამიტი ტარდება პერიოდში, როცა პუტინი განაგრძობს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავისი კონტროლის კონსოლიდაციას, ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნას და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროებას.
როგორც ბაიდენის წარმომადგენელმა თქვა, თეთრი სახლი „რუსეთთან ურთიერთობების არც ‘გადატვირთვას’ აპირებს და არც ესკალაციას ვესწრაფვით.“ მაგრამ ბაიდენს უფრო მკვეთრი პოზიცია უკავია, ვიდრე მის წინამორბედ დონალდ ტრამპს. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან რუსეთს ეკონომიკური სანქციების ორი წყება დაუწესა. ამავე დროს ის დათანხმდა შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების, New START-ის გაგრძელებას და უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობისთვის ხელის შეშლაზე.
