დააკავეს პანკისში 42 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული
დაკავებულია 45 წლის სიმონ მარგოშვილი. შს სამინისტროში ამბობენ, რომ ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 42 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილს სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცავ უწყებაში თქვეს, რომ დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, ხეობაში ამის შესახებ ღიად ამ დრომდე არ ლაპარაკობენ.
თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულმა, მოკლულ იბრაგიმ ქავთარაშვილს უსაყვედურა, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის რამდენიმე კვირის წინ, მისი ოჯახის წევრის სამძმარზე. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული და მოკლული მეზობლები იყვნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
