ლომჯარია: არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისზე თავდამსხმას ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მას მიაჩნია, რომ არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება.
„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!
სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!" - წერს ლომჯარია „ფეისბუკზე".
დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიარაღებული თავდასხმის შესახებ.
თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვდა და არა კონკრეტული თანხის გადაცემას.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ თქვა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და პოლიციის სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა. შეიარაღებული თავდამსხმელი კი დააკავეს.