კობახიძე: ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, მეორე მხარეს კი ნაციონალური მოძრაობა და ვირუსი
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს იყო შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანა იყო.
„ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის შეფასებითაც გუშინდელი აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო მეორე მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" და ვირუსი.
„მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საარჩევნო კამპანიას და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
გუშინ , 16 ოქტომბერს, "ნაციონალურმა მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ" ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც. ხალხმრავალი აქციის მიზანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაცნობა იყო.
