აზერბაიჯანი აცხადებს, რომ 13 კაცი დაიღუპა სარაკეტო დაბომბვის შედეგად ქალაქ განჯაში
აზერბაიჯანი განჯისა და მინგეჩაურის დაბომბვაში სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
სატელევიზიო მიმართვაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაგმო სარაკეტო დაბომბვა, როგორც სამხედრო დანაშაული და სომხეთის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.
ერევანი უარყოფს ამ ბრალდებას და, თავის მხრივ, აზერბაიჯანს ადანაშაულებს ქალაქ სტეფანაკერტის გარეუბნის სარაკეტო დაბომბვაში, რომლის დროსაც სამი კაცი დაშავდა.
სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო, გაყინული აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი კვლავ განახლდა 27 სექტემბერს, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები როგორც სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში.
10 ოქტომბერს მხარეები მოსკოვის შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ 11-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვის მიერ გამოცხადებული საზავო შეთანხმება მალევე დაირღვა, რასაც ბაქო და ერევანი კვლავ ერთმანეთს აბრალებს.
