კვაჭანტირაძე - ტიკარაძეს: ფიქრობთ, რომ სწორად იყავით შერჩეული მინისტრის პოსტზე?
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენი გამოსვლა არ იყო კრიტიკული, საკმაოდ მონოტონური გამოსვლა იყო, რომელმაც არ მოგვცა საშუალება, მთლიანად დაგვენახა დღეს არსებული სიტუაცია“, - მიმართა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკატერინე ტიკარაძეს და მოითხოვა გულწრფელი პასუხიც კითხვაზე, იყო თუ არა იგი სწორად შერჩეული მინისტრის პოსტზე:
„მაინტერესებს, ამ თვეების განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანდებით მინისტრი, თქვენ ფიქრობთ, რომ სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე, ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად თუ არა?“ - იკითხა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი შეფასებით, ეკატერინე ტიკარაძემ თავისი 520-ე დადგენილებით „ყველაფრის ჩეხვა დაიწყო“.
„თქვენ აკეთებთ რეფორმას, რომლის ძირითადი გადახდა ხდება ავადმყოფის ხარჯზე და განსაკუთრებით თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს“, - უთხრა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკატერინე ტიკარაძეს.
დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისიდან მუშაობს.
