EPP-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა
ასამბლეა შესავალი სიტყვით გახსნა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, დონალდ ტუსკმა, რომლის გამოსვლაში დომინირებდა საერთაშორისო საკითხები.
ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო შუამავლების დახმარებით, მიმდინარე მოლაპარაკებებს და „მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, შეიმუშაოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ისარგებლებს ყველა დაინტერესებული მხარის მხარადჭერითა და ნდობით და 2020 წლის არჩევნებზე უზრუნველყოფს საპარლამენტო წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას“.
ამასთან EPP-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დააკმაყოფილოს საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები.
„ევროპის სახალხო პარტია, რომელიც კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიის მომხრედ, ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად,"- ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველო ფლობს უდიდეს პოტენციალს და როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ინტერსებშია, რომ "ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვარი წყალში არ აღმოჩნდეს გადაყრილი."
