აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჰაკერობისთვის სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს
როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ი კერძო პირებისა და ორგანიზაციების პირადი მონაცემების მოპარვისთვის იყენებდა მის მიერ შემუშავებულ მავნებელ პროგრამა Dridex-ს (ის Bugat-ის სახელითაცაა ცნობილი). ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კიბერდანაშაულებრივ ორგანიზაციას.
გარდა ამისა, აშშ-ში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდება რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ჰაკერული დაჯგუფების საკვანძო მნიშვნელობის ფიგურები არიან. ესენი არიან 32 წლის მოსკოველი მაქსიმ იაკუბეცი და 38 წლის იგორ ტურაშევი იოშკარ-ოლიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, იაკუბეცი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომლებსაც აშშ ბრალს სდებს კიბერთავდასხმებში, მათ შორის ფსბ-ს სასარგებლოდ საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებაში.
