პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებულ გიორგი სულაშვილს ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან
გიორგი სულაშვილამდე პროკურატურიდან დაურეკეს ამავე აქციის კიდევ ერთ დაშავებულს, მაკო გომურს, რომელთანაც მსგავსი კითხვა ჰქონდათ - იყო თუ არა თვალი, რომელიც მან დაკარგა, ჯანმრთელი.
"ვერ ვწვდები კითხვის აზრს, რა მნიშვნელობა აქვს იმას ჩემთვის, თუ რა პროცენტული ხედვა მქონდა 20 ივნისამდე, ფაქტია, რომ თვალი აღარ მაქვს" - წერს გიორგი სულაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
20-21 ივნისის ღამის აქციაზე დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 6-მა დაკარგა თვალი. ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი აქვს მხოლოდ 3 მოქალაქეს, რომელთა შორის არ არიან არც გიორგი სულაშვილი, არც მაკო გომური და არც დანარჩენი 4 პირი, რომლებმაც რეზინის ტყვიით მიყენებული ჭრილობების გამო მხედველობა დაკარგეს.
