ჭყონდიდის ეპისკოპოსი მეუფე იაკობის სიტყვებს ბოდვას უწოდებს
მეუფე პეტრე ცაავამ მედიასთან უარყო ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სიტყვები, თითქოს, ის ესწრებოდა მთავრობის წევრებთან შეხვედრებს კანცელარიაში პატრიარქის გადაყენების საკითხზე.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის ამ არაფხიზელ მდგომარეობაში ბოდვაზე მიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ. მე პირადად, ცხოვრებაში ვერ გავიხსენე ვერცერთი შემთხვევა, რომ ფიზიკურად ნამყოფი ვიყო საქართველოს კანცელარიის შენობაში, არც ერთხელ. რაც შეეხება ხელისუფლების შეთქმულებას, მე მინდა გითხრათ, როგორც თავიდან ვამბობდი, ციანიდის სკანდალი და საქმე, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო საქართველოს საპატრიარქოს მავნებლური ჯგუფის მიერ, რომელთაც, ასევე, ხელისუფლება ჩაითრიეს ამ სკანდალში და დააშვებინეს გამოუსწორებელი შეცდომა. როგორც ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, ციანიდის საქმე არის დამოკლეს მახვილი ეკლესიისთვის, მე დავამატებდი, რომ ის არის დამოკლეს მახვილი ეკლესიისა და ხელისუფლებისათვის. ამიტომ, ძალიან მივესალმები ამ ლუსტრაციას, რაც ღმერთმა დაუშვა დღეს ქორეპისკოპოსის სახით, მაგრამ მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც ამ ზაფხულს ბოდბეში ტაძრის კურთხევის დროს აიყვანა ხარისხში, დააჯილდოვა და განაცხადა, რომ მეუფე იაკობი გამოირჩევა თვითნებობით, ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ის ჩემს დავალებას ასრულებსო“, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრე მეუფე იაკობის „უპასუხისმგებლო განცხადებას“ პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხად მიიჩნევს.
„სრულიად ვადანაშუაულებ პატრიარქს მეუფე იაკობის საქციელზე და მის არსებობაზე საქართველოს ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღკვეცილია და მღვდლად ჩემი ნაკურთხია. მეუფე იაკობი თავის არაადეკვატურ, სამარცხვინო და სჯულის კანონიდან ამოვარდნილ საქციელზე არასდროს არ დასჯილა და მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.