აი, თქვენი გრაფიკი, გადავხიე, არ ვეთანხმები მას, არ ვემორჩილები – ინტერპელაციის რეგლამენტს პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა
პარლამენტში პრემიერის ინტერპელაციის მოსმენა დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს შორის კამათით დაიწყო.
დეპუტატების კრიტიკა რეგლამენტმა გამოიწვია, რადგან მათ კითხვის დასასმელად დრო შეზღუდული ჰქონდათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ თამარ ჩუგოშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საკმარისი დრო არ აქვთ დეპუტატებს იმისთვის, რომ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და კითხვები დასვან.
„ქალბატონო თამარ, იცით, რატომ მოიწვია ორი ფრაქციით პრემიერი ოპოზიციურმა ფრაქციამ, იმიტომ, რომ სხვაგვარად ქართული ოცნების ფრაქცია მოიწვევდა და შემდგომ ის დრო კიდევ უფრო გაიყოფოდა და გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ ექოთდა ედიდებინათ ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ეს პროცედურა, რომ რეალურად რამეს წარმოადგენდეს და რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ უნდა დავუშვათ ის, რომ თითო ინტერპელაციაზე 10 წუთი მაინც იყოს გამოყოფილი,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამაც გააკრიტიკა. მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო პარლამენტში ინტერპელაციის წესით მხოლოდ იმ მიზნით მოიწვიეს, რომ პრემიერთან შეხვედრის დრო შემცირებულიყო.
„ბატონი სერგეენკო, რომელიც აშკარად ხელოვნურად არის მოწვეული აქ თქვენი გუნდის მიერ, რომ დრო შეამციროს, ეს ყველასთვის ნათელია, მესამეჯერ უარს აცხადებს კომიტეტზე მოსვლაზე. ანუ თქვენ მიერ ესე ორთოდოქსალურადთაყვანსაცემ კანონს არღვევს და იქნებ მითხრათ თქვენი პოზიცია,“-მიმართა ბოკერიამ.
ყოფილი თანაგუნდელები ასევე მკაცრად გააკრიტიკა ეკა ბესელიამ.
„ეს ფორმა, თვითონ პროცედურა და პროცესი თუ გინდა, რომ თავის მნიშვნელობას ინარჩუნებდეს, ბიუროს სხდომაზე როდესაც ასე ადგენთ გრაფიკს და წუთ-ნახევრამდე დაგყავთ გამოსვლის დრო, ამით თავად დისკრედიტაციას გაუკეთებთ ამ ძალიან კარგ სიახლეს,“ – აცხადებს ბესელია.
პროტესტის ნიშნად დღევანდელი დღის გრაფიკი დახია პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ადა მარშანიამ.
„ჩვენ არ ვესწრებოდით იმ ბიუროს სხდომას, სადაც ეს სამარცხვინო გრაფიკი იყო დამტკიცებული, არ ვეთანხმებით მას, ეს არის თქვენი გრაფიკი, ეს არის დაცინვა, ეს არის თამაში, ეს არის სპექტაკლი. არ ვეთანხმებით ჩვენ ამ გრაფიკს, თავად ბიურო გადადგეს, რომელმაც ეს გრაფიკი დაამტკიცა, სამარცხვინო. აი, თქვენი გრაფიკი, გადავხიე, არ ვეთანხმები მას, არ ვემორჩილები მას,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.
