ვიტალი დარასელიას სახელობის თასს „დინამო თბილისი“ დაეუფლა
საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის - ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც 16-21 აპრილს „დინამოს“ აკადემიამ უმასპინძლა. 15-წლამდელ ფეხბურთელთა შეჯიბრების ფინალში თბილისელებმა იტალიის „ემპოლის“ მოუგეს - 1:0.
„დინამო თბილისი“ „ემპოლის“ ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდა და იქაც მინიმალური ანგარიშით აჯობა. ჯგუფურ ეტაპზევე დაამარცხა შვეიცარიის „ციურიხი“ (3:0) და ინგლისის „ვულვერჰემპტონი“ (4:0). ნახევარფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა ჰოლანდიის „ფეიენოორდს“ მოუგეს (5:1).
ტურნირის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ინდივიდუალურ ნომინაციებში გამორჩეული მოთამაშეები დაასახელეს. საუკეთესო მეკარის ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის წევრ ლუკა ხარატიშვილს გადაეცა. საუკეთესო მცველი საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“) გახდა, ნახევარმცველი - მატეო ბუკინი („ემპოლი“), თავდამსხმელი - სილვან შესი („ციურიხი“), ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა გაგნიძე („დინამო თბილისი“).