სოლსბერის ტაძართან დაუდგენელმა პირებმა დაკიდეს რუსეთის დიდი დროშა
ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, სადაც შარშან მარტში მოწამლეს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, 16-17 იანვრის ღამეს დაკიდეს რუსეთის დიდი დროშა.
ის ფრიალებდა მთავარ ღირშესანიშნაობასთან, სოლსბერის ტაძართან აღმართულ ხარაჩოზე. ცნობების თანახმად, დროშა მალე ჩამოხსნეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტაძრის ფონზე მოფრიალე რუსული დროშის სურათები, რასაც ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. „როგორ ბედავს ვიღაც იდიოტი, ასე დაამციროს ჩვენი ქალაქი მას შემდეგ, რაც მან გადაიტანა“, წერს ტვიტერში ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.
ნათელი არ არის, ვინ დაკიდა დროშა.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში. ასახელებენ რამდენიმე ეჭვმიტანილს - სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს.
მათგან ორი, რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის სახელებზე გაცემული პასპორტებით ბრიტანეთში ყოფნის შემდეგ, რუსეთის ტელევიზიაში ინტერვიუს დროს ირწმუნებოდა, რომ სოლსბერიში ჩავიდა, როგორც ტურისტი, ადგილობრივი ტაძრის „ცნობილი შპილის“ სანახავად.