ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის პრესმდივნის თქმით, ავღანეთში მყოფი აშშ-ის სამხედროების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება არ იმოქმედებს უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ეს ავღანეთის მხარის პირველი ოფიციალური რეაქციაა აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყვანას, ვრცელდება ცნობები, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "მათი ავღანეთიდან გასვლა არ შეეხება უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ ბოლო ოთხნახევარი წლის განმავლობაში ავღანელები ვითარებას სრულად აკონტროლებენ" - განაცხადა ღანის პრესმდივანმა, ჰარუნ ჩახანსურიმ სოციალური მედიით. აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ამ ცნობებამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა აშშ-ის ბევრი კანონმდებელი, ადმინისტრაციის წევრი და საერთაშორისო მოკავშირე გააოცა და გააბრაზა განცხადებით, რომ მას სირიიდან აშშ-ის ყველა სამხედრო გამოყავს. სირიაში ამერიკელი სამხედროები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ ძალებს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.