აშშ-ს ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი კანდიდატის არჩევა სურს
დღეს დუბაიში, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიაზე ორგანიზაცის წევრი 192 ქვეყანა აირჩევს ახალ პრეზიდენტს. ამ კვირაში ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფავორიტად ითვლება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი, რომელიც 2016 წლიდან იკავებს ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. პროკოპჩუკის შესაძლო არჩევით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინტერპოლის გენერალური ასამბლეა გააფრთხილეს პრეზიდენტ პუტინის მიერ დევნილმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ და რუსი სამართალდამცავების მიერ ძებნილმა ბრიტანელმა ფინანსისტმა ბილ ბრაუდერმა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერპოლის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რუსი გენერალი ორგანიზაციას გამოიყენებს პუტინის პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. პროკოპჩუკის შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი გაერთიანება „თავისუფალი რუსეთის ფორუმიც.“ მისი განცხადებით, ინტერპოლის მსგავს გავლენიან ორგანიზაციას არ უნდა ხელმძღვანელობდეს წარმომადგენელი იმ ქვეყნისა, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებას ხელყოფს, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, ანექსირებული აქვს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიები და რამდენიმე აგრესიულ ომში მონაწილეობს. ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის შესაძლო არჩევის გამო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას მიმართეს ამერიკელმა სენატორებმაც. რესპუბლიკელების, მარკო რუბიოს და როჯერ უიკერის და დემოკრატების, ჯინ შაჰინის და კრის კუნსის განცხადებით, ეს იგივეა, რომ მელას საქათმე ჩააბარო. სენატორები აღნიშნავენ, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს ინტერპოლის წესებს და ორგანიზაციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, დისიდენტების და ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, გენერალი პროკოპჩუკი კი პირადად მონაწილეობდა დაშინების, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების და პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერების სტრატეგიის განხორციელებაში.
