კახა კოჟორიძე 9 აპრილის ორგანიზატორებს უფასო საადვოკატო დახმარებას სთავაზობს
"9 აპრილის ორგანიზატორებს (გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს), ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მინდა შევთავაზო უფასო საადვოკატო დახმარება ბატონი მეჩითოვის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის." - წერს იურისტი კახა კოჟორიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
"ბატონმა მეჩითოვმა კრიმინალური აქტი უწოდა 9 აპრილს, რომელიც 1993 წლის პარლამენტის დადგენილებით, მიჩნეულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ. იგივე სულისკვეთებაა 1999 წელს მიღებულ კანონში (და იურიდიულ აქტებში რომ არ ეწეროს, ჩვენს ცნობიერებაშიც ხომ ასეა).
ბატონმა მეჩითოვმა კი განაცხადა, რომ მონაწილეთა 90% თურმე არც კი სცოდნია რისთვის მდგარან იქ, ხოლო ორგანიზატორებმა საერთოდ კრიმინალური აქტი ჩაიდინეს...
10 წლის წინ, როდესაც საიაში ადვოკატად ვმუშაობდი, 9 აპრილის ერთ-ერთ ხანდაზმულ მონაწილეს ვეხმარებოდი, რომ სასამართლოს მეშვეობით დადგენილიყო 9 აპრილს მისი მონაწილეობა. მახსოვს რა მძიმე და ემოციური იყო მისთვის იმის მტკიცება, რომ ნამდვილად იქ იყო. არ ვიცი, ის ქალბატონი ახლა ცოცხალია თუ არა. თუ ცოცხალია, დარწმუნებული ვარ ცრემლების გარეშე ვერ შეხვდებოდა ამ ყველაფერს. აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც ოჯახის წევრი და საყვარელი ადამიანი დაკარგა..."
კახა კოჟორიძის თქმით, დროის სიმცირის გამო მას მხოლოდ ერთი ასეთი საქმის აღება შეუძლია, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მის მსგავსად გამოჩნდებიან სხვა მოხალისე ადვოკატებიც და სასამართლოში იური მეჩითოვის წინააღმდეგ არაერთი საქმე მოხვდება.