აშშ-ის სადაზვერვო და უსაფრთხოების უწყებებმა გაავრცელეს კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელიც შეეხება კონგრესის კარსმომდგარ არჩევნებში რუეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების მხრიდან შესაძლო ჩარევას. 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების ფონია 6 ნოემბრის არჩევნები, როდესაც აშშ-ის მოქალაქეები ირჩევენ კონგრესის წევრებს, შტატების გუბერნატორებს, შტატების კანონმდებლებსა და სხვა არჩევითი თანამდებობის პირებს. "ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის, ჩინეთის და სხვა საერთაშორისო სუბიექტების, მათ შორის ირანის მხრიდან მომდინარე კამპანიებით, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის განწყობაზე ზემოქედების მოხდენით, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ნდობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს, შიდა უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები. 6 ნოემბრის არჩევნებმა უნდა გაარკვიოს, დარჩება თუ არა „რესპუბლიკელების“ კონტროლის ქვეშ როგორც წარმომადგელთა პალატა, ისე სენატი.