ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, ბრიუსელის სამიტის შედეგები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს თბილისში შეხვედრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გიოტმიოლერმა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე როუზ გიოტმიოლერმა. განაცხადა, რომ ნატო და საქართველო დღეს გაცილებით უფრო ახლოს არიან და ერთად მუშაობას აგრძელებენ ალიანსში საქართველოს გასაწევრიანებლად. როუზ გიოტმიოლერის თქმით, 2018 წლის წლის ივლისში, ბრიუსელის სამიტზე ნატოს სახელმწიფოთა ლიდერებმა დაადასტურეს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს და ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას. გიოტმიოლერის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით. გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ეს შეხვედრა იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ძალიან კარგი ფაზის დემონსტრირება.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები თქვენი ქვეყნიდან“ - განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა. მან ასევე, დაადასტურა, რომ ნატოსთვის პრიოროტეტია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება.