ბახტაძე: საქართველოს მხარდაჭერა აქვს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის საკითხში
„შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროს ეკონომიკაში“ - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, მაიკ პომპეოსთან ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზეც და როლზე, რაც შეიძლება საქართველომ შეასრულოს რეგიონულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მოწადინებულია, რომ აშშ-თან გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. „ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
