იტალიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება დაავალა სავალუტო ფონდის ყოფილ მაღალჩინოსანს
პრეზიდენტმა მატარელამ კარლო კოტარელის „ტექნოკრატების მთავრობის“ შექმნა მას შემდეგ თხოვა, რაც 27 მაისს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს დაუბრუნა მთავრობის ფორმირების მანდატი. იტალიაში, მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა, ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთმა ვარსკვლავმა“ შექმნეს კოალიცია და პრემიერ-მინისტრად წარადგინეს იურისტი ჯუზეპე კონტე. მან პრეზიდენტისგან 23 მაისს მიიღო მთავრობის ფორმირების მანდატი. უთანხმოების მიზეზად იქცა კონტეს მიერ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე პაოლო სავონას წარდგენა. პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ამ კანდიდატურას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ევროინტეგრაციის აქტიური მოწინააღმდეგეა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, მან როგორც საზოგადოების და ეკონომიკის სტაბილურობის გარანტმა, სავონას კანდიდატურა უარყო, რადგან იტალიაში პოპულისტური მთავრობის შექმნის პერსპექტივამ შეაშფოთა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები.
