ქართველი ნეონაცისტები მეთაურის გარეშე შეუერთდნენ ეკლესიის მიერ დაწესებული დღის აღნიშვნას
„შავპერანგიანები ინტერვიუს არ აძლევენ“ - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას აცხადებდა ნაციონალ-სოციალისტური ორგანიზაციის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ზოგიერთი წევრი. ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ნაციონალისტები არიან, სამკლაურზე გამოსახული ჯვარი და ბორჯღალი კი „ორი უდიდესი კულტურის ერთიანობაა, რომელიც სამი ათასწლოვან ისტორიაში ქართველ ერს გააჩნდა.“ ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, ბექა ლოლაშვილის თქმით, ისინი ქართველი ფაშისტები არიან. ლოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მათი ორგანიზაციის დევნა. „მეტს აღარ ვიტყვი არაფერს. დანარჩენზე ყველაფერზე პასუხი გასცა მეთაურმა“ - განაცხადა ლოლაშვილმა. მსვლელობაში არ მონაწილეობდა „ეროვნული ერთობის“ ხელმძღვანელი გიორგი ჭელიძე, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, ქალაქგარეთ იმყოფება. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მსვლელობით აღნიშნეს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებული, „ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღე.“ 15 მაისს, თბილისის პოლიციამ დაიწყო გამოძიება „ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის გამო და მისი რამდენიმე წევრი დაკითხა. ნეონაცისტურმა ორგანიზაციამ 13 მაისს თბილისში გამართა საპროტესტო მსვლელობა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის საწინააღმდეგოდ. პოლიციამ „ეროვნული ერთობის“ წევრებს არ მისცა პარლამენტთან მიახლოების საშუალება. საპროტესტო მსვლელობის დროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭელიძე აცხადებდა, რომ “თუ გაგრძელდება აღვირახსნილობები," შავპერანგიანების სამოქალაქო გვარდიას შექმნიან და მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.