გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონში თავდადების გამო მეუფე სპირიდონს მადლობას უხდის
საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ვოლსკი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღმზრდელებსა და აღზრდის პროცესში ჩართულ სასულიერო პირებს, მათ შორის, პანსიონის მმართველ მეუფე სპირიდონს, მადლობას უხდის. ყველას მადლობის თქმისკენ მოუწოდა მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
"პირველ რიგში, ყველას მადლობა უნდა ვუთხრათ, თითოეულ პედაგოგს და ადამიანს, რომლებმაც იმ ბავშვებს, რომლებიც მოკლებული იყვნენ ოჯახურ მზრუნველობას, გაუწიეს პატრონობა და ამ ხნის განმავლობაში მათ მიმართ იყვნენ განსაკუთრებით თბილნი... თუკი რაიმე გადახრა არსებობდა, პირველი ამის წინაშე უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით ბავშვებზე, თუკი ასეთი იყო დაშვებული... მაგრამ ის ისტერიკული პოზიცია, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ, მიანიშნებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდათ... მადლობა უნდა ვუთხრათ მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და პატიოსნად ემსახურებოდა", - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტიის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.
ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).