აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა შემოწმების უფლებას არ აძლევდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლების განმავლობაში ვერ ამოწმებდა "საქართველოს რკინიგზას", რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. იმის მიუხედავად, რომ პრობლემა წლების განმავლობაში უცვლელი იყო, საკითხი აქტუალური დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე გახდა, სადაც აუდიტის სამსახურის ანგარიშს ისმენდნენ.
რკინიგზის შემოწმების საკითხით პარლამენტის წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაინტერესდა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიამ "საქართველოს რკინიგზამ" 2015 წლის შემდეგ 1,2 მილიარდ ლარზე მეტი იზარა.
"2015 წლამდე სულ მოგებაზე იყო რკინიგზა და რაღაც მოხდა ამის შემდეგ ისეთი კატასტროფული, რომ 1,2 მილიარდი ლარი წავაგეთ - ანუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენს კუთვნილ რკინიგზაში წავაგეთ. მხოლოდ 2018 წელს 715 მლნ ლარი მივიღეთ ზარალი. ეს ხომ ჩვენი ფულია..." - თქვა ვაშაძემ.
მთავარმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა დეპუტატს უთხრა, რომ "საქართველოს რკინიგზის" აუდიტის ჩატარების უფლება სასამართლოში ჩივილამდე ვერ მიიღეს. მისი განმარტებით, რკინიგზის არგუმენტი იყო, რომ მათ უკვე ამოწმებდა "დიდი ოთხეული".
"ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს უფლება შევამოწმოთ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც აქვს სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი აქცია... ასე ვთვლი მე და ჩემი გუნდი. ეს იყო იურიდიული პროცესი, რომელმაც შეამოწმა შემოწმების პროცედურები. ამ საკითხს დავუბრუნდებით", - თქვა მთავარმა აუდიტორმა.
როგორც მექვაბიშვილმა თქვა, მსგავსი პრობლემები ჰქონდათ "სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც", თუმცა სასამართლო დავის მოგების შემდეგ კომპანია შეამოწმეს. ამ კომპანიის შემოწმების შემდეგ აუდიტის სამსახურმა მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. მაგალითად, გაირკვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ 2014 წელს, აგვისტოში ხუთი დღის ულიმიტო როუმინგში 29 254 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბაძის ხელფასი ყოველწლიურად 10 პროცენტით იზრდებოდა - მისი ანაზღაურება მუშაობის დაწყების დროს 10 312 ლარი იყო, დასრულების დროს კი 24 316 ლარი.
რადიო თავისუფლებას სურდა "საქართველოს რკინიგზიდანაც" მოესმინა არგუმენტები, რის გამო ეუბნებოდნენ აუდიტის სამსახურს შემოწმებაზე უარს, თუმცა პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. კომპანიის დირექტორი ახლა დავით ფერაძეა, რომელმაც მხოლოდ 2020 წელს ანაზღაურების სახით 219 ათასი ლარი მიიღო.