ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთკავკასიური ტურნე აზერბაიჯანიდან დაიწყო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი იმყოფება ბაქოში, სადაც დღეს, 25 იანვარს შეხვდება აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებს.
სააგენტო „ტრენდ“-ის ინფორმაციით, ბაქოში 24 იანვარს ჩასულმა ზარიფმა განაცხადა, რომ ირანი მოხარულია მოძმე და მეგობარი აზერბაიჯანის მიერ საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციისგან გათავისუფლების გამო.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან განიხილავს ყარაბაღში სტაბილურობის შენარჩუნების, გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენის, რეგიონული თანამშრომლობის და ჩრდილოეთ-სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის დერეფნების საკითხებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზარიფი რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტებს გეგმავს, გასულ კვირაში გავრცელდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს რეგიონული ტურნე, რომლის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და ვიზიტის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს დიპლომატიური არხებით.
ვიზიტის წინ ზარიფმა განაცხადა, რომ აპირებს ჩასვლას ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ეს საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუსთანაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები 26 იანვარს, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე სხვა საერთაშორისო საკითხებთან ერთად განიხილავენ მთიანი ყარაბაღის გარშემო შექმნილ სიტუაციასაც.
20 იანვარს, რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა „როსიისკაია გაზეტა“-ს განუცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაციის მოგვარების პრიორიტეტებად განსაზღვრულია სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესების შესაბამისად, სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა. ნურგალიევის თანახმად, საერთაშორისო ტრანზიტის განვითარების მიზნით, ამ კომუნიკაციებით სარგებლობა შეუძლიათ რუსეთს, ირანს, თურქეთს და საქართველოს, ეს კი შექმნის ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის ფუნდამენტურ წინაპირობებს.
2020 წლის დეკემბერში, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა გამოთქვა ინიციატივა, რომ რეგიონის განვითარებისთვის შეიქმნას "ექვსთა პლატფორმა" აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს და სომხეთის მონაწილეობით.
2020 წლის ნოემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.