საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მივა ოპოზიციის შეკითხვებზე საპასუხოდ
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი უპასუხებს ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ შეკითხვებს. მათ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ინტერპელაციის წესით, გიორგი გახარიას შეკითხვები ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გაუგზავნეს და პასუხების გაცემა მოითხოვეს თვის ბოლო პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის დღევანდელი სხდომა 12 საათზეა დანიშნული. პრემიერ-მინისტრი შეკითხვებზე პასუხის გაცემას 14 საათიდან დაიწყებს. დეპუტატებისთვის არადამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაში, ისინი დაზუსტებებს მოითხოვენ, ხელახალი პასუხების შემდეგ კი დებატები დაიწყება.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებია:
• რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე და რა ზომებს ღებულობს მთავრობა მის გამოსასწორებლად?
• რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე საქართველოში?
• რითი აპირებთ პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში?
„ევროპული საქართველოს“ შეკითხვებია:
• მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, რატომ არ შეამცირეთ საშემოსავლო გადასახადი და ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა? რატომ არ გაანულეთ 2020 წლის ქონების გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის? რატომ არ შეცვალეთ დღგ-ს დაბეგვრის წესი?
• რატომ არ აძლევთ მოქალაქეებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას, დაიბრუნონ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა?
• თქვენ მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რატომ ტოვებთ თვითდასაქმებულთა დიდ ნაწილს საერთოდ დახმარების გარეშე?
• მათ, ვინც სამსახური დაკარგა, რატომ სთავაზობთ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ და მოჭრილ თანხას?
• რატომ დააგვიანეთ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა და ყველაზე კრიტიკულ თვეებში, რატომ დატოვეთ მოქალაქეები ყოველგვარი დახმარების გარეშე?
• რატომ არ ამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებსა და არაეფექტურ სახელმწიფო პროგრამებს?
• რატომ გქონდათ შერჩევითი მიდგომა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულებისას სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების მიმართ?
ამ შეკითხვების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრ გახარიას დაუსვეს 27 მაისსაც, როცა მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა ანგარიში ახალი კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ.