პუტინთან დაახლოებულმა მიტროპოლიტმა ტიხონმა შეზღუდა მრევლის დაშვება ეკლესიებში
ფსკოვისა და პორხოვის მიტროპილიტმა ტიხონმა (შევკუნოვმა), რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან, დაახლოებულ სასულიერო პირს უწოდებენ, გამოსცა განკარგულება, რომლითაც, კორონავირუსის გამო, იზღუდება მრევლის მონაწილეობა საეკლესიო ღვთისმსახურების დროს.
ტიხონის დაქვემდებარებაში არსებულ ეპარქიაში ღვთისმსახურება შესრულდება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, მრევლის გარეშე. მორწმუნების ზიარება, განკარგულების თანახმად, მოხდება წინასწარი შეთანხმებით თითო ჯერზე არა უმეტეს ორ ადამიანისა.
ზიარების დროს, მრევლს მღვდლები სპირტით გაწმენდილი ხელით მიაწოდებენ სეფისკვერს, ხოლო კოვზის ნაცვლად, ნაკურთხ ღვინოს- ერთჯერადი ჭიქებით დაალევინებენ.
უფრო ადრე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ მრევლის მიერ ეკლესიების მონახულებაზე შეზღუდვების დაწესებას.
ეკლესიაში აცხადებენ, რომ ზომები მიიღეს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან საბრძოლველად - კერძოდ, მრევლს ურჩიეს, არ ემთხვიონ ჯვარსა და მღვდლის ხელს, გამოიყენონ ერთჯერადი ჭურჭელი და ა.შ.