კახა კალაძემ მღვდლებს და ეპისკოპოსებს გაძლიერებული ლოცვა სთხოვა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში კორონავირუსის გავრცელების შესახებ საუბრისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს მიმართა.
„ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - თქვა კახა კალაძემ.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.
საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აკრძალულია გადაადგილება.
31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278.