საქართველოს სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ესაუბრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს. მათი შეხვედრა სტრასბურგში გაიმართა.
სახალხო დამცველმა კომისარს გააცნო იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრებთან სახალხო დამცველის შეხვედრის კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევები. ნინო ლომჯარიას შეფასებით, ეს პერსონალური მონაცემების უკანონო გასაჯაროების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ნინო ლომჯარიამ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს პროცესზე დაკვირვება და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხარდაჭერა სთხოვა.
დუნია მიატოვიჩთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები.
ნინო ლომჯარიამ დუნია მიატოვიჩს უთხრა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს კომისარს ამ საკითხებთან დაკავშირებით გააქტიურება სთხოვა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საუბარი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და არასამთავრობო სექტორსა და უფლებადამცველებზე ზეწოლის ფაქტებზე.