ჟირინოვსკი ბელარუსს და უკრაინას რუსეთთან შეერთების შემთხვევაში აყვავებას პირდება
რუსეთის დუმის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ბელარუსი და უკრაინა აყვავდებიან, თუ რუსეთს შეუერთდებიან.
ჟირინოვსკიმ სოციალურ ქსელში, თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეუძლია ისტორიული ნაბიჯი გადადგას და ბელარუსი რუსეთს შეუერთოს. ჟირინოვსკის განცხადებით, ხალხს უნდა მისცენ თავისუფალი გადაადგილება და ერთიანი რუბლი, რომელიც ევროზე ძლიერი იქნება.
ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი წერს, რომ ეს ეხება უკრაინასაც, რადგან „ისტორიულად რუსეთი შედგებოდა ველიკოროსიისა და მალოროსიისგან.“
„ადამიანების თავისუფლება არავინ უნდა შეზღუდოს, სადაც უნდათ ბელარუსულ ენაზე ილაპარაკონ, უნდათ უკრაინულად. უნდა შენარჩუნდეს ეროვნული გაზეთები, თეატრები და სკოლები, მაგრამ მაინც მოხერხებული იქნება საერთო ენის გამოყენება. კარგად მახსოვს საბჭოთა დრო, როცა ბევრი ეროვნებით არარუსი სიამოვნებით ლაპარაკობდა რუსულად. მაგალითად, ხშირად ვიყავი აფხაზეთში. იქ ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, რუსები, ესტონელები და სომხები და ერთმანეთში ყველა რუსულად ლაპარაკობს. აბა, ხუთ-ხუთ ენას ხომ არ ისწავლიან? ეროვნების მითითება კი, საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენ უბრალოდ, ერთი ქვეყნის მოქალაქეები უნდა ვიყოთ“ - აცხადებს ჟირინოვსკი.