"კოკა-კოლას" თბილისის ოფისის თანამშრომელი დააკავეს სეიფიდან 133 000 ლარის მოპარვის ბრალდებით
პოლიციამ თბილისში დაააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ოფისიდან დიდი ოდენობით თანხის მოპარვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1981 წელს დაბადებული მ.ტ, რომელიც ამავე კომპანიის თანამშრომელია.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახის სეიფიდან მოიპარა 133 000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღეს“.
გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.