რომან გოცირიძე პატიმართა შეწყალებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს
„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტების გამოძიება.
„აშკარად ჩანს კორუფციის ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუკი ეს დადასტურდა, პრეზიდენტს მოუწევს წასვლა იმპიჩმენტის წესით“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს, გოცირიძის შეფასებით, მორატორიუმი ვერ უშველის გაფუჭებულ საქმეს და სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციას და უმჯობესია, თუკი ის გადადგება.
რომან გოცირიძის თქმით, თავისთავად მორატორიუმი ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებაზე.
18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.