16 წლის მუშის დაღუპვის გამო აქციამ "სირცხვილია" გადადო მუსიკალური ღონისძიება
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების სერიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მშენებლობაზე მუშის, 16 წლის გიორგი ბეშკენაძის დაღუპვის გამო გადაიდო 19 ივლისისთვის დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა. ორგანიზატორების თქმით, საკუთრივ აქცია ჩატარდება, თუმცა მუსიკალური ღინისძიებებების გარეშე.
გიორგი ბეშკენაძე თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩასული. ის დაიღუპა 16 ივლისს, თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე, სამუშაოს შესრულებისას. მოზარდს ბაგირი გაუწყდა და ლიფტის შახტში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მას ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაწყებული.
პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება, ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.