დავით გარეჯს ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დაათვალიერებენ
დავით გარეჯის ტერიტორიას აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებენ - ასეთია საზღვრის სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:
მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე;
მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტებისა და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან;
მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომის ქ. თბილისში გამართვის თაობაზე. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით;
განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ასევე მოხდა ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის დეტალური განხილვა.
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია; ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.