ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე დაბალი იყო თბილისში
„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა“, - განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის შემდეგ.
„მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას“ და „საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“.
20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირი იყო:
თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 34,27%;
მარნეულში - 35,82%;
ზესტაფონში - 57,03%;
ჭიათურაში - 43,26%;
ზუგდიდში - 46,88%;
ხულოში - 58,21%.
ამომრჩეველთა აქტივობა საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე:
საგარეჯოში - 74,56%
ახმეტაში - 50,57%;
ადიგენში - 56,41;
ტყიბულში - 39,85;
წყალტუბოში - 52,05;
ოზურგეთში - 45,45%.
„საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ ოქმებს არჩევნების მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საუბნო შემაჯამებელ ოქმებს ცესკო დაუყოვნებლივ, მიღებისთანავე გაასაჯაროებს სპეციალური ვებგვერდის (results.cec.gov.ge) საშუალებით და ოქმები ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ანა მიქელაძის თქმით, ცესკო შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია წინასწარი შედეგების შესახებ.